Thursday, February 15, 2024

მუსიკა და საგანთა ინტეგრირება-ავტორი თამარ თევდორაშვილი

როგორ გესმით, რა არის ინტეგრირება? დიახ, ინტეგრირება არის გაერთიანება, შეერთება, შერწყმა, შეთავსება... რას გულისხმობს საგანთა ინტეგრირებით მიღებული მიდგომები?
 1- ინტეგრირებული სწავლება სინთეზური აზროვნების განვითარების საუკეთესო საშუალებაა.
 2-საგანთა ინტეგრირებით მიღებული მიდგომები ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივირებას.
 3-ხელს უწყობს სხვადასხვა საგნობრივი პროგრამების ფარგლებში შეძენილი ცოდნის, უნარ-ჩვევების ტრანსფერსა და ინტეგრაციას. 




მასწავლებელს შეუძლია საკლასო გარემოში მიაღწიოს იდეალურ დისციპლინას, თუმცა ინტერესის გაღვივებისა და შინაგანი მოტივაციის გარეშე, ცოდნის დაუფლებას ვერ შეძლებს. საგანმანათლებლო საქმიანობის წარმატება და განათლების ხარისხი დამოკიდებულია შინაგანი მოტივაციის ამაღლებაზე, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აუცილებელია მოსწავლეებში სწავლისადმი მოტივაციის განვითარება. მოსწავლეებში სწავლის მოტივაციის განვითარების ერთ-ერთი გზა, ვფიქრობ, არის საგნების ინტეგრირება. ინტეგრირებული გაკვეთილების ფორმა ხომ ყოველთვის არასტანდარტული და საინტერესოა. ინტეგრაცია - (ლათინური -მთლიანი, აღდგენა.) სწორედ ასეთ გაკვეთილებზე აქვთ მოსწავლეებს შესაძლებლობა მიიღონ ღრმა და მრავალფეროვანი ცოდნა, გამოიყენონ ინფორმაცია სხვადასხვა საგნიდან, გაიაზრონ მოვლენები სრულიად ახლებურად. ინტეგრირებული გაკვეთილი ავითარებს ცოდნის ერთი საგნიდან მეორეზე გადატანის უნარს. 
ინტეგრირებული გაკვეთილების მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეთა მიერ სასწავლო მასალის ათვისებას, ასევე კრიტიკული და სინთეზური აზროვნების განვითარებას; ინტეგრირებული გაკვეთილის მთავარი თვისებაა მისი მრავალფეროვნება, რაც საშუალებას აძლევს მოსწავლეს დააკავშიროს ცალკეულ საგნებში მიღებული ცოდნა და შეიქმნას ერთიანი წარმოდგენა სამყაროზე, ბუნებაზე,საზოგადოებაზე... ნებისმიერი სასკოლო საგანი ამა თუ იმ ნიშნით უკავშირდება სხვადასხვა საგნებს, ამ მხრივ მუსიკაც არ არის გამონაკლისი. მუსიკა, როგორც ხელოვნების ერთ-ერთი სფერო, ხელს უწყობს სკოლის მოსწავლეების ინტერესების ჩამოყალიბებასა და გაღვივებას, მიიღონ სხვადასხვა დარგებისადმი სრული წარმოდგენა ინტეგრირებული გაკვეთილების გზით, შემოქმედებითი და შემეცნებითი აქტივობის გააქტიურებით; თუმცაღა მასწავლებელი ძალიან ბევრს ფიქრობს, თუ როგორ შეადგინოს საინტერესო გაკვეთილის გეგმა, როგორ და რა გზით დააკავშიროს მუსიკა ლიტერატურასთან, ბუნებასთან, მათემატიკასთან, სახვით და გამოყენებით ხელოვნებასთან, სპორტთან და ა.შ. როგორ შექმნას საქმიანი შემოქმედებითი გარემო? რა დარჩება მოსწავლეებს მეხსიერებაში ინტეგრირებული გაკვეთილის შემდეგ? 
მუსიკის სხვადასხვა დისციპლინებთან კავშირი მასწავლებელს აძლევს უსაზღვრო შესაძლებლობებს, გაკვეთილები მოსწავლეებისთვის სახალისო და საინტერესო გახადოს. ის, რაც უნდა გავითვალისწინოთ...
 • ინტეგრირებულ გაკვეთილს, როგორც წესი, ატარებს სხვადასხვა საგნის ორი ან ორზე მეტი მასწავლებელი. თუმცა ასეთი გაკვეთილი შეიძლება ჩაატაროს ერთმა პედაგოგმაც, რომელსაც აქვს საბაზისო ცოდნა და მომზადება შესაბამის საგნებში. 
• იმ პედაგოგებს შორის, რომლებიც ერთად ამზადებენ და შემდეგ ატარებენ ინტეგრირებულ გაკვეთილს, აუცილებლად უნდა არსებობდეს ფსიქოლოგიური შეთავსებადობა. ურთიერთგაგების და მხარდაჭერის გარეშე ასეთი გაკვეთილი ეფექტიანი ვერ იქნება.
 • ინტეგრირებული გაკვეთილის მომზადებისა და ჩატარების პროცესში თითოეული მასწავლებლის მონაწილეობის წილი დამოკიდებულია სასწავლო მასალის შინაარსზე, მაგრამ მაინც ვეცადოთ, ყოველი მათგანი ამ პროცესში თანაბრად იყოს ჩართული. მიუხედავად ამისა, ერთ-ერთ მასწავლებელს აუცილებლად მოუწევს წამყვანის როლის შესრულება.
 • ინტეგრირებული გაკვეთილის ეფექტიანად ჩასატარებლად აუცილებელია განსახილველი და შესასწავლი ობიექტის სწორად განსაზღვრა და გაკვეთილის შინაარსის გულდასმით შერჩევა. 
• რომელ საგნებთან შეგვიძლია მუსიკის ინტეგრირება? 

წარმოგიდგენთ ჩემ მიერ განხორციელებულ ინტეგრირებულ გაკვეთილებს დაწყებით საფეხურზე. 
                                      მუსიკა და ლიტერატურა

 თემის „წვეულებები და დღესასწაულები შინ და გარეთ“ შინაარსიდან გამომდინარე, ინტეგრირებული გაკვეთილის ჩასატარებლად შესაძლებელია ცნობილი რუსი მეიგავის, ივანე კრილოვის „დათვის წვეულების“ გამოყენება. ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებიდან მოსწავლეებმა იციან, რომ იგავ-არაკის გმირები არიან ცხოველები, მცენარეები, საგნები, მაგრამ იგულისხმებიან ადამიანები. როგორი ადამიანები შეიძლება ვიგულისხმოთ, ამაზე იგავ-არაკის გაცნობის შემდეგ ვისაუბრებთ. კერძოდ, აღინიშნება დათვის ხელგაშლილი მასპინძლობა და მელიის თვალთმაქცობა, ასევე აღსანიშნავია წვეულებისთვის დამახასიათებელი უხვი სუფრა, სადღეგრძელოები, სიმღერა და ცეკვა. მოუსმინეთ იგავ-არაკს და უპასუხეთ კითხვებს:
 • რა არის იგავ-არაკი? 
• რამდენი პერსონაჟი მონაწილეობს „დათვის წვეულებაში“? 

• როგორ დაახასიათებდით იგავ-არაკის გმირებს? 
• წარმოიდგინეთ, როგორ დასრულდებოდა წვეულება? 
მასწავლებელი სოციალურ ურთიერთობებზე ამახვილებს ყურადღებას და მოსწავლეებს სთავაზობს „დათვის წვეულების“ მაგალითზე წარმოადგინონ სტუმრების მიღება, მისალმება, მიპატიჟება, გამასპინძლება და გაცილება. მაგ.: მისალმება: გამარჯობა! საღამო მშვიდობისა! მოკითხვა: როგორ ხარ? გამასპინძლება: გთხოვ, მიირთვი! მადლობის გადახდა: გმადლობ! დამშვიდობება: ნახვამდის! კარგად იყავი! 
სასურველია, გათამაშების პროცესში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთონ. მასწავლებელი მოსწავლეებს მოასმენინებს კ. ვ. ვებერის ნაწარმოებს „ტუში ოცი საყვირისთვის“ და განუმარტავს, რომ ტუში მოკლე სადღესასწაულო მუსიკალური მისალმებაა და წვეულების გახსნის, მისალმების ან რაიმე ჯილდოს გადაცემის დროს სრულდება. მას, ძირითადად, ჩასაბერი საკრავები-საყვირები ასრულებენ. 
• მოიფიქრეთ, თქვენი წვეულების რომელ ეტაპს გააფორმებდით ამ ნაწარმოებით?
 (კ. მ. ვებერი. „ტუში ოცი საყვირისთვის“ )
ახლა კი მოუსმინეთ ქართულ ხალხურ სიმღერას „დათვმა ლხინი გადიხადა“.
 იმსჯელეთ, როგორი ხასიათი აქვს ამ სიმღერას და შემოხაზეთ სწორი პასუხები. 
• თხრობითი
 • სადღესასწაულო 
• მხნე
 • საზეიმო 
• დაძაბული
 • პირქუში 
                                            მუსიკა და მათემატიკა 

 თემის ,, მუსიკალური გასეირნება ქალაქში“ შინაარსიდან გამომდინარე, ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარებისთვის შევარჩიე მათემატიკის საგანი. მიმართულება: რიცხვები და მოქმედებები რიცხვები, მათი გამოყენება და რიცხვის წარმოდგენის საშუალებები; მოქმედებები რიცხვებზე და რიცხვითი თანაფარდობები; ამ მიმართულების ძირითადი მიზნებია „რიცხვის შეგრძნების” განვითარება, თვლის პრინციპების ათვისება, არითმეტიკული მოქმედებებისა და მათი თვისებების შესწავლა, გამოთვლის ხერხების ათვისება და შედეგების შეფასება; რიცხვის ჩაწერის პოზიციური სისტემების შესწავლა, მათი ურთიერთშედარება და გამოყენება არითმეტიკული მოქმედებების შესრულებისას და პრაქტიკული ამოცანების გადაჭრისას; რიცხვითი სისტემების შესწავლა.

                          მუსიკალური ინსტრუმენტების მაღაზიაში 


 თამრიკომ და თომამ ქალაქში გასეირნება გადაწყვიტეს, მარშრუტი თავად შეადგინეს . მთავარ გამზირზე სეირნობისას ბევრი ობიექტის წინ ჩერდებოდნენ, მათი ყურადღება მუსიკალური ინსტრუმენტების მაღაზიამ მიიპყრო, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ იქ შესულიყვნენ. მაღაზიის სალონში ბევრი საკრავი იყო გამოფენილი. ბავშვები სალონში დასეირნობდნენ, საკრავებს აკვირდებოდნენ და მათ ჟღერადობას ისმენდნენ. ბავშვებმა ბევრი ფიქრის შემდეგ შეარჩიეს ინსტრუმენტები, რომლის ყიდვაც გადაწყვიტეს. თითოეულის ღირებულება ასე გამოიყურებოდა: 
სალამური-15 ლარი 
დოლი-10 ლარი 
გიტარა-25 ლარი 
ფლეიტა-35ლარი 
ჩონგური-30 ლარი 
ქსილოფონი-50 ლარი 
დათვალეთ ბავშვების საფულეში არსებული ფულის რაოდენობა და შეადარეთ:
  რომელ ბავშვს უფრო მეტი ფული აქვს და რამდენით? 
 რომელს აქვს მეტი ხურდა ფული? 
 რომელს უფრო ნაკლები ქაღალდის ფული აქვს?
  რომელი ინსტრუმენტების შეძენას მოახერხებდნენ ?


                                              მუსიკა და ფიზიკური აღზრდა 




 თემის ,, მუსიკა და თამაშები“შინაარსიდან გამომდინარე, ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარებისთვის შევარჩიე ფიზიკური აღზრდისა და სპორტის საგანი. საგანში „ფიზიკური აღზრდა“ დაწყებით საფეხურზე შეისწავლება: მოძრაობითი (მოტორული) უნარების განვითარების საშუალებები, ფიზიკური ვარჯიშების სწორი შესრულების ტექნიკა, ცხოვრების ჯანსაღი წესი, ზოგადგანმავითარებელ ვარჯიშთა კომპლექსები, ბავშვთა ფიტნესი, სპორტის სახეობების ელემენტები მოძრავი და სახალისო თამაშების სახით. ბავშვებს ძალიან უყვართ სახალისო და ენერგიული თამაშები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი მეგობრებთან ერთად სპორტის გაკვეთილზე იმყოფებიან. მათი ფანტაზია უშრეტია, ისინი იგონებენ და ადგენენ გასართობი თამაშის წესებს... სასურველია ჩავრთოთ აქტივობები თამაშის ელემენტებით. ასეთი ტიპის თამაშები ბავშვებისთვის სახალისო და შთამბეჭდავია. ისინი ისმენენ მუსიკას, სწავლობენ ახალ ტერმინებს; მუსიკის მოსმენისა და სახალისო თამაშების შესრულებით კი მეხსიერებას, კონცენტრაციას, წარმოსახვას, აზროვნების უნარებსა და სხვა შემეცნებით შესაძლებლობებს მკვეთრად იუმჯობესებენ. მუსიკალურ თამაშებს ასევე შეუძლია გააძლიეროს ბავშვების სოციალური უნარები, რათა წაახალისოს ისინი და მონაწილეობა მიიღონ ჯგუფურ ღონისძიებებში. გარდა ზემოთ აღნიშნულისა, ჯგუფურ თამაშებში მონაწილეობა ავითარებს ბავშვებში სოციალური ურთიერთობების უნარებს. შესაძლებელია შედგეს ისეთ საგნებს შორის ინტეგრაცია, როგორებიცაა მუსიკა და ფიზიკური აღზრდა, ვინაიდან მასში მუსიკის თანხლების ფონზე მთავარი აქცენტი გადატანილია მოძრაობის სისწრაფესა და მოხერხებულობაზე. აქტივობის შედეგად მოსწვლეს უვითარდება ყურადღების შეგრძნება, გონებრივი ჩართულობა, მიზანსწრაფულობა, მსხვილი და წვრილი მოტორიკა. მსგავსი თამაშის დაგეგმვა შესაძლებელია სპორტის დარბაზში, საკლასო ოთახში ან სკოლის ტერიტორიაზე.
 გააცანით ბავშებს ძველი ქართული საბავშვო თამაშის წესი: ბავშები გაიყოფიან ორ გუნდად და ხელიხელჩაკიდებულნი ერთმანეთის პირისპირ დგებიან. ორივე გუნდი ირჩევს „დედას“. ერთი ჯგუფის „დედა“ მეორეს დაუძახებს, მეორეც გამოეპასუხება. დიალოგი სიმღერით სრულდება: ბოლო სიტყვების დამთავრებისთანავე პირველი გუნდის „დედა“ გაექანება მეორე გუნდისკენ. თუ მან გაწყვიტა მოწინააღმდეგეთა ჯაჭვი, ერთი ბავშვი უნდა წაიყვანოს. მერე ისევ თავიდან იწყებენ. „ღინღილოს“ . თუ ვერ გაწყვიტა ჯაჭვი, მაშინ მეტოქის გუნდიდან დაიძახებენ „ღინღილო“ და ასე აგრძელებენ თამაშს. სიმღერა-თამაშის შემდეგ დაუსვით კითხვები: 
 როგორი იყო თამაშის ტემპი: ნელი, ზომიერი, აჩქარებით, სწრაფი? 
 როგორი იყო თამაშის დროს მოთამაშეთა ხმის სიძლიერე: ჩუმი, წყნარი თუ თანდათან მატულობდა და ძლიერდებოდა? 
 როგორი ხმები გესმოდათ თამაშის დროს: მაღალი წვრილი თუ დაბალი? 

ამჯერად ერთ-ერთი საყვარელი თამაში ,,ორდროშობანა“’ ,,გავამუსიკოთ“. თამაშის თითოეულ ეპიზოდს მივუსადაგოთ მუსიკლური ფრაგმენტი, ამოვიცნოთ, რა ემოციას განიცდიან მოთამაშეები და თამაშის მსვლელობა დავაკავშიროთ მუსიკასთან თამაშის მსვლელობა ასეთია: 1-გათვლა
 2-თამაშის დაწყება,ბრძოლა დროშის მოსაპოვებლად.
 3-გაშეშება 
4-დროშის მოტაცება 
5-განგაში და წართმეული დროშის დადევნება. 
6-გამარჯვება

                              მუსიკა და ბუნებრივი მოვლენები 


 თემის ,, მუსიკა და ბუნებრივი მოვლენები “შინაარსიდან გამომდინარე, ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარებისთვის შევარჩიე ბუნების საგანი. სწავლების დაწყებით საფეხურზე (I-VI კლასები) საფუძველი უნდა ჩაეყაროს მოსწავლის მიერ გარემოს პასიური აღქმიდან აქტიურ შემეცნებაზე გადასვლას. მოსწავლეს უნდა გაუჩნდეს გარემოს მიმართ ინტერესი და მისი კვლევის სურვილი. არსებითია, რომ ბუნებისმეტყველების სწავლება ითვალისწინებდეს იმ კონტექსტს, რომელშიც მოსწავლე ცხოვრობს. ბუნებისმეტყველების სწავლებამ ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლეში კრიტიკული, შემოქმედებითი აზროვნებისა და გარემოსადმი სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების წესის ელემენტარული უნარ-ჩვევების გამომუშავებას. მოსწავლემ უნდა შეძლოს მიღებული ცოდნისა და შეძენილი გამოცდილების ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირება. ბუნებაში ყოველთვის ხდება სხვადასხვაგვარი ცვლილება, რომელთაც ბუნებრივი მოვლენები ეწოდება. დააკვირდით სურათებს და ამოიცანით, რომელი ბუნებრივი მოვლენებია წარმოდგენილი? 
 o დაასახელეთ ის ბუნებრივი მოვლენა, რომელიც გიყვართ.
 o რომელია ყველაზე უსიამოვნო ბუნებრივი მოვლენა? 
 o  რომელი ბუნებრივი მოვლენა გიქმნით კარგ განწყობას და რატომ?
 მოუსმინეთ ბუნებრივი მოვლენების ამსახველ ხმებს და დაუკავშირეთ ხაზებით სურათებს. 
• რომელმა ხმამ შეგიქმნათ სასიამოვნო განწყობა?
 • რომელი ხმით იგრძენი ნათელი დღის დასაწყისი?
 • რომელი ხმა ჟღერდა საშიშად და ძლიერად?
 • რომელი ხმა ისმოდა გაბმულად?
 • როცა კარგ ხასიათზე ხარ, რომელ ბუნებრივ მოვლენას შეადარებ შენ თავს? როდესაც ცუდ ხასიათზე ხარ? 

მოუსმინეთ მუსიკალურ ფრაგმენტებს და ამოიცანით ბუნებრივი მოვლენები.


                          მუსიკა და ინფორმაციულ/საკომუნიკაციო ტექნოლოგიები 



 21- ე საუკუნე ტექნოლოგიების საუკუნედ არის აღიარებული,დღვანდელობაში ნებისმიერი საქმიანობა ტექნოლოგიების უშუალო გავლით მიმდინარეობს, მისი გამოყენებით ვკონტაქტობთ ადამიანებთან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.ინტერნეტი იძლევა ახალ შესაძლებლობებს, ინფორმაციის გაცნობა-დამუშავებას, წარმოსახვისა და ფანტაზიის უნარის გამდიდრებას. საგანმანათლებლო სისტემაში თითქმის ყველა სკოლა აქტიურად იყენებს ისტ-ტექნოლოგიებს სასწავლო პროცესში. ჩემი მიზანია სკოლაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გაუმჯობესდეს სასწავლო გარემო. მაგალითად, გაკვეთილის ჩატარებისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება დამხმარე ვიზუალურ მასალას. ახალი ტექნოლოგიები იძლევა საშუალებას ,რომ მოსწავლეებისთვის თვალსაჩინო გავხადო ესა თუ ის მოვლენა.ჩემთვის,სასურველია კომპიუტერული რესურსების მიზნობრივად გამოყენება სასწავლო პროცესში.რადგან მიმაჩნია ,რომ ის უფრო მეტის მომცემია მოსწავლეებისთვის. ასევე ახალი ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში ხელს უწყობს საგაკვეთილო პროცესის ეფექტიანობას,თანამედროვე მეთოდების დანერგვას, როგორიც არის მაგალითად პროექტზე დაფუძვნებული სწავლება, ინტეგრირებული გაკვეთილები, ჯგუფური დავალებები.სასწავლო პროცესში ახალი ტექნოლოგიის გამოყენების მიზნებია: აამაღლოს სწავლების ხარისხი,გაზარდოს მოსწავლეთა ცნობიერება, გახადოს მოსწავლე უფრო მეტად ორგანიზებული და საკითხზე ორიენტირებული. გააუმჯობესოს თანამშრომლობითი ურთიერთობები, გაჩნდეს მაღალი მოტივაცია. მუსიკის გაკვეთილზე ინფორმაციული ტექნოლოგიის გამოყენება ხელს უწყობს: მოსწავლეთა პიროვნული განვითარებას; სკოლის მოსწავლეების ინტერესის გაზრდას მუსიკის გაკვეთილების მიმართ; მოსწავლეთა შემეცნებითი აქტივობის ზრდას სასწავლო პროცესში; შემოქმედებითი და შემეცნებითი საქმიანობისადმი ინტერესის გაზრდას; საქმიანობისა და დამოუკიდებლობის ხელშეწყობას; მუსიკალური ხელოვნებისადმი ესთეტიკური, ემოციურად ჰოლისტიკური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას; თეორიული აზროვნების საფუძვლების ჩამოყალიბებას. 
მოსწავლეთა მიერ შექმნილი დავალებები
 თემა ,,მუსიკა და თავისუფალი დრო“ 
თემა ,,მუსიკა და ანიმაცია“
 თემა ,,ჩემი ცხოვრების ერთი დღე“


                                             მუსიკა და ხელოვნება  



თემის ,, ადამიანის პორტრეტი მუსიკაში“ შინაარსიდან გამომდინარე, ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარებისთვის შევარჩიე ხელოვნების საგანისწავლების დაწყებით საფეხურზე (I–VI კლასები) საგან ,,სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების“ ფარგლებში მოსწავლეები იწყებენ ხელოვნების ენის, მისი მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხების, მასალისა და ტექნიკის შესაძლებლობების შესწავლას და გამოყენებას შემოქმედებით საქმიანობაში, ხელოვნების დარგებისა და ჟანრების, ქართული და მსოფლიო ხელოვნების ნიმუშების, ხალხური შემოქმედების გაცნობას. 
დააკვირდით ნამუშევრებს.
 • რა არის გამოსახული?
 • იცით რა ქვია ხელოვნებაში ადამიანის გამოსახულებას?
 • ივარაუდეთ, ვინ არიან ეს ადამიანები, როდის ცხოვრობდნენ, რა ასაკისანი არიან?
 • როგორი ადამიანები არიან, როგორი ხასიათი აქვთ, რას საქმიანობენ და სხვ. 
• მეგობრებთან ერთად იმსჯელე აქ გამოსახულ ადამიანებზე. 
• რატომ გამოსახავენ ადამიანები სხვა ადამიანებს?
 • დაკვირვებიხარ, ადამიანები როგორ და რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან?
 • მოუსმინეთ მუსიკალურ ფრაგმენეტებს, იმსჯელეთ მოსმენილის შესახებ და მიუსადაგეთ ნამუშევრებს. 
• რომელი მუსიკალური ფრაგმენტი იყო ყველაზე მშვიდი?  სევდიანი?
 • რომელი იყო ენერგიული?
 • რომელ ჩანაწერში ჟღერდა წკრიალა ბგერები?
 • რომელი მუსიკალური ფრაგმენტი მოგეწონათ ყველაზედ მეტად და რატომ?
 • რომელ ჩანაწერში იგრძენით სიხარული?
 • რომელ ფრაგმენტში შეიცანით საკუთარი თავი?

 და ბოლოს, საგანთა შორის მკაფიო კავშირების დამყარება ორიენტირებულია სიღრმისეულ  ცოდნაზე, რაც ხელს უწყობს აქტიურ სწავლებას,აბსტრაქტული და ანალიზირების უნარის განვითარებას.

გიზიარებთ ბმულს, სადაც იხილავთ პრეზანტაციას, აუდიო, ვიდეო, ვიზუალური რესურსებით და ასევე  მოსწავლეთა მიერ შესრულებული  დავალებებით.