Saturday, October 16, 2021

ინგლისელი პაციენტი-საუნდტრეკი

https://www.youtube.com/watch?v=NuVPABWagV8 

 მაესტო ჯივანი

ალბათ ბევრისთვის საყვარელი ფილმია „გლადიატორი“, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ფილმში ჯივან გასპარიანს მუსიკაა აჟღერებული. (http://www.youtube.com/watch?v=Zd5jO69REDY&feature=related)- ამ უნიკალური ინსტრუმენტის ხმაში ერთდროულად გამოსჭვივის მამაცი რომაელი ლეგიონერის ხმაც და შეშფოთებული სომეხი მოხუცის მოლოდინიც.
ჯივან გასპარიანი – მსოფლიო მუსიკალური სცენის ცოცხალი ლეგენდაა, მან შეძლო დუდუკის სევდიანი ხმით გადმოეცა კავკასიის პატარა ერის სული. ამ ფენომენალური ვირტუოზის წყალობით მსოფლიო გაეცნო სომეხი ერის ტრადიციებსა და ფოლკლორს. ბიძია ჯივანი, (როგორც ეძახიან სიყვარულით მას თავის სამშობლში) ერთერთი ყველაზე ემოციური და გულწრფელი მუსიკოსია მსოფლიოში.
შევეცდები მცირე ინფორმაცია მოგაწოდოთ მაესტროს შესახებ: ჯივან გასპარიანი დაიბადა 1928 წელს ერევნის მახლობლად სოფელ სოლაგში. 6 წლის ასაკში ნახა მუნჯი ფილმი, სადაც კაცი დუდუკზე უკრავდა,ალბათ ამან განაპირობა, რომ მან აიღო ხელში დუდუკი და დამოუკიდებლად შეუდგა მუსიკის შესწავლას. 1947 წელს დაიწყო მისი პროფესიული კარიერა. ერთერთ კონცერტს დაესწრო სტალინიც, რომელმაც მოისურვა მისი გაცნობა. ჯივანს რაღა თქმა უნდა შეეშინდა ბელადთან შეხვედრა, სტალინს კი მისთვის მხლოდ ოქროს საათის ჩუქება ჰქონდა განზრახული.
ჯივან გასპარიანი 4 ჯერ გახდა იუნესკოს მიერ ორგანიზებული კონკურსის ოქროს პრიზიორი. (1959, 1962, 1973, 1980 წლებში) . 1973 წელს მას ”სომხეთის სახალხო არტისტის” სტატუსი მიანიჭეს. 1988 წელს მას შემთხვევით მოუსმინა ინგლისელმა მუსიკოსმა ბრაიან ინომ. მან ჯივანი მიიწვია ლონდონში, სადაც ჩაიწერა ალბომი „I Will Not Be Sad In This World“, რომელიც მოიცავდა ძველ სომხურ ბალადებს. „ეჭვგარეშეა, ეს არის ერთერთი ულამაზესი ჩანაწერები, რომელიც ოდესმე მომისმენია“– იხსენებს ინო. ამ დისკმა ჯივანს მოუტანა მსოფლიო აღიარება, მისი დიდება გასცდა პატარა სომხეთის საზღვრებს.
ჯივანი იწყებს მსოფლიოში მოგზაურობას, წერს ახალი ალბომებს „სომხეთის სული“, „ზეციური დუდუკი“, კონცერტებში მონაწილეობს ლაიონელა რიჩისთან და პიტერ გაბრიელთან ერთად, ბორის გრებენშიკოვთან და ბრაიან მეისთან, და სხვებთან. 1990 იან წლებში ჯივანი ტოვებს სომხეთს და მცირე ხნით ცხოვრობს აშშ–ში,სამშობლოში დაბრუნებული კი ხდება ერევნის კონსერვატორიის პროფესორი და იწყებს პედაგოგიურ საქმიანობას.
საინტერესოა ბატონი ჯივანის ისტორიები, დაუვიწყარი დღე აჩუქეს მას იაპონელებმა: ერთხელ მას სამი კონცერტი უნდა გაემართა ტოკიოში, მესამეს დაწყების წინ წვიმა წამოვიდა, მაესტრომ ჩათვალა, რომ კონცერტი აღარ შედგებოდა, მაგრამ რაოდენ დიდი იყო მისი გაკვირვება, როდესაც თეატრის დირექტორმა გამოუცხადა: „ბატონო ჯივან, თქვენი გამოსვლის დროა.“ გამოდის სცენაზე და ხედავს, რომ მთელი დარბაზი თეთრებშია: თეთრი ქოლგები, თეთრი ლაბადები...
ჯივან გასპარიანს პოპულარულობა მოუტანა ჰოლივუდის საუნდტრეკებმაც ფილმებში, საკმარისია სამი ფილმის დასახელებაც: „ექიმი ჟივაგო“, „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება“ და „გლადიატორი.“
ჯივან გასპარიანი ქმნის უნიკალურ ჟღერადობას, რომელიც მყისვე ილექება ადამიანის მესხიერებაში.
ჯივანს სრულიად დამსახურებულად შეიძლება ვუწოდოთ „დუდუკის მეფე“– დუდუკს ხომ მსოფლიოში არ აქვს სხვა ანალოგი, მან შეძლო და მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ სომხეთის ხალხური მუსიკა არის შეუდარებელი, სწორედ დუდუკის – ამ ძველი მუსიკალური ინსტრუმენტის ხმის შერწყმა სიმფონიურ ორკესტრთან, ჯაზთან თუ როკთან ქმნის განუმეორებელ მუსიკალურ ხიბლს.
მაესტრო როდესაც უკრავს, ლახავს დედამიწის მიზიდულობას, თვალს ხუჭავს და ვერაფერს ხედავს, თითქოს დაცურავს სადღაც ღრუბლებში, მხოლოდ სუნთქავს!
მაესტრომ დუდუკის ხმაში ჩააქსოვა ათასწლეულის ფიქრები, ეპოქების ემოციები. თუ არ იარსებებდა ეს საკრავი, ის აუცილებლად ჯივანისთვის შეიქმნებოდა.
ავტორი

 შენ, ბიჭო, ანაგურელო

1985 წლის შემოდგომა ტრაგიკული აღმოჩნდა ქიზიყისთვის და მთელი საქართველოსთვის– შეწყდა ჰამლეტ გონაშვილის სიცოცხლე, თუმცა მან თავისი სიმღერით დათრგუნა სიკვდილი, მარადისობას აზიარა ქართველი ერი და თავადაც უკვდავების ბინადარი შეიქმნა.
სიმღერა არ შეწყვეტილა. . .
სოფელ ანაგას სამუდამოდ შემორჩა მისი სევდიანი ნამღერი ,,შენ, ბიჭო, ანაგურელო”.
ჰამლეტ გონაშვილი ისეთივე უნიკალური მოვლენაა ქართულ მუსიკაში, როგორც ფიროსმანი ფერწერაში- წერს ელგუჯა ამაშუკელი. არადა, ფიროსმანაშვილების და გონაშვილების გვარი ორივე მირზაანიდან მოდის. გონაშვილის მამაც სწორედ ამ სოფლიდან იყო წარმოშობით, ოდითგანვე ერთი ღობე ჰყოფდა ამ გვარის შთამომავალთ, ორივე გვარი აქ, მირზაანში წურავდა საღვთო ღვინოს. აქ არის, გვერდიგვერდ, ფიროსმანაშვილებისა და გონაშვილების ზედაშეები. იქნებ ამიტომაც დაჰყვათ მსგავსი ბედი. იყვნენ ძლიერთა ამა ქვეყნისთაგან შეუმჩნეველნი და ღვთისაგან რჩეულნი...
ახალს ალბათ ვერაფერს ვიტყვი,არც ბიოგრაფიული ცნობებს მოწვდას ვაპირებ, უბრალოდ მინდა მოვესიყვარულო ჩემს კუთხეს, გავიხსენო ძალიან დიდი მომღერალი და დიდი ადამიანი – ჰამლეტ გონაშვილი. მისი სიმღერების მოსმენისას ტანში ჟრუანტელი მივლის, ჩემში იღვიძებს ქართული გენი და სიამაყის განცდა, რომ ეს ადამიანი პატარა ქიზიყის მკვიდრი იყო. როდესაც სცენაზე იდგა ქართულ ჩოხა–ახალუხში გამოწყობილი, თითქოს ღვთის მადლი ეფინა სახეზე და მისთვის გარე სამყარო აღარ არსებობდა, მღეროდა ღვთიურ ჰანგებს თავისი იმპროვიზაციებით, სამყარო ინაბებოდა და ყურს უგდებდა, თითქოს ხელახლა იბადებოდა და იდუმალებასათან ერთად თან მოჰქონდა ქართული ისტორია, საბრძოლო დიდება, გლეხკაცის ცხოვრების ამსახველი ტკივილი თუ შრომის სიხარული, შეჯიბრის ჟინი თუ შემართება.
არასოდეს დაავიწყდება მსმენელს დარდიანი, ტკივილით სავსე ,,გაფრინდი, შავო მერცხალო”, ალაზნისპირების მარადიული სევდა და ტკივილი.
სოფელ ანაგაშია ის სახლი, სადაც დაიბადა დიდი მომღერალი. ანაგის ხევს შემორჩა ნანგრევები, რომელიც დღეს ჰამლეტ გონაშვილის სახელს ატარებს. ამ ნანგრევებს თავზე გუმბათად ადგას უსაზღვრო,ლურჯი ცა, მაღლიდან ცივ-გომბორის მთები გადმოჰყურებს, წინ კი ალაზნის ველია, რომლის მიღმა მოჩანს კავკასიონის თოვლიანი მწვერვალები, – აი, აქ დაიბადა საქართველოს ბულბული.
ამბობენ, ჰამლეტი ბავშვობაში საათობით ყურს უგდებდა ფრინველთა გალობას, მშობლიური კუთხიდანვე შეიწოვა ბუნების სიყვარული, ნატიფი ქართული ორნამენტების გამოყვანაც შეუსწავლია, წინაპართა უმდიდრესი სასიმღერო მემკვიდრეობა გაუათავისებია. ამ გარემოში ეზიარა სამყაროს იდუმალ მუსიკას, აქვე ისმენდა გუთნისდედის სევდიან „ოროველასა“ და „ურმულს“. ხალხის წიაღიდან ითვისებდა ჯადოსნურ ხმებს, თავადაც ხალხის წიაღიდან მოდიოდა და თან მოჰქონდა საუკუნეების განმავლობაში გამოტარებული და გადარჩენილი ქართული სიმღერა.
სიმღერა იყო მისი სულისა და გონების განუყოფელი ნაწილი, ყოფა-ცხოვრების განუყრელი თანამგზავრი, თვითგამოხატვის ყველაზე ორგანული ფორმა. ამ სიყვარულით შეპყრობილ საოცარ კაცს გრძნეულ ვაჟასეულ მინდიასთან აახლოვებდა სულიერი სისათუთე. ალბათ ეს აძლევდა მის სიმღერას ციური გალობის ელფერს!
ჰამლეტს მთავარი მომხიბლაობა განსაკუთრებული და განუმეორებელი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი იშვიათი სილამაზის რბილი ტემბრი, ვირტუოზული საშემსრულებლო ტექნიკა, დახვეწილი გემოვნება, ბგერის სიმსუბუქე და მკაფიოება იყო. არტისტული გარეგნობით, სიმღერის დახვეწილი მანერითა და თავდაჭერილობით აღტაცებაში მოჰყავდა არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი მსმენელიც. პარიზში "მრავალჟამიერი" სამჯერ ამღერეს, ესპანელები ყელზე კოცნიდნენ. ანსამბლ "რუსთავთან" ერთად თითქმის მთელი მსოფლიო მოიარა და თავისი სიმღერით გულგრილი არავინ დაუტოვებია, მათ შორის პროფესიონალი მუსიკოსებიც. მისი შემოქმედება ქართული მუსიკალური ფოლკლორისა და კლასიკური მუსიკის უნიკალური სინთეზია.
(აი, როგორ იხსენებენ მას ცნობილი მსახიობები თუ მუსიკოსები:
იაპონიაში ყველა ქვეყნის მომღერლები იყვნენ ჩამოსულები, მათ ნამღერ სიმღერებს რობოტი იმეორებდა, ქართველებმა -შენ ხარ ვენახი- რომ იმღერეს, რობოტმა ჯერ ნაპერწკლები ყარა, შემდეგ კი სულმთლად დაიშალაო...- ზურაბ ქაფიანიძე
-ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ბოსტონში გამართულ საბჭოთა მუსიკის ფესტივალზე მესამე სიმფონია უნდა შესრულებულიყო. მე და ჯანსუღ კახიძემ ამერიკელი მომღერალი შევარჩიეთ, რომელსაც სვანური ზარი უნდა ემღერა, ყოველთვის ჰამლეტი რომ ასრულებდა. მომღერალს მისი ჩანაწერი გადავეცით და ვთხოვეთ, მოესმინა. ორი დღის შემდეგ უარი მივიღეთ, ვერ ვიმღერებ და ვერც მივბაძავო, რადგან ამას ჩვეულებრივი ადამიანი არ მღერისო - გია ყანჩელი.)
როდესაც მინდა ფიქრებში ქიზიყს გადავწვდე და მეძალება ჩემი სახლის ნოსტალგია, ვუსმენ ჰამლეტს და მისი ხმა გულს სალბუნად ედება, არასოდეს ვმალავ ცრემლს და ემოციას, სურვილი მიჩნდება ანაგას შემოვუფრინო შავი მერცხალივით, ჰამლეტის სახლის ერდოზე შემოვჯდე და შემოვძახო:
შენ ბიჭო ანაგურელო
შენი ხმა ჩამომდიოდა
შენი თოხისა წკრიალიიი

 ლეგენდა კოსმოსიდან –„ჩაკრულო“

სულ სხვა რაღაცის მოყოლას ვაპირებდი თქვენთვის, მაგრამ ნეფერტარის კომენტარმა აღარ მომასვენა:
„მინდა ქართულ სიმღერას, - "ჩაკრულოს" მიუძღვნა ერთი პატარა ჩანახატიც რა....
ორი ქართველი მომღერლის, ილია ზაქაიძისა და როსტომ საგინაშვილის მიერ შესრულებული სიმღერა „ჩაკრულო“ კოსმოსში გაიგზავნა. ხუთწუთიანი ქრონომეტრაჟის „ჩაკრულო“ მთელ საბჭოთა კავშირში ერთადერთი სიმღერა აღმოჩნდა, რომელიც ნასა-მ შეარჩია და მსოფლიოს 25 საუკეთესო სიმღერასთან ერთად კოსმოსში გაგზავნა. იუნესკოს არამატერიალური მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაშია შესული ეგ სიმღერა, და ღირს რომ გაისარჯო.... გთხოვ რა კატიე...
პატივისცემით, ჩვენი აღმატებულება, ზემო და ქვემო ეგვიპტის დედოფალი და დიასახლისი ნეფერტარი. “
უარს როგორ შევბედავდი მის აღმატებულებას, რატომაც არა, ჩავუჯექი მასალების შეგროვებას. უღრმესი მადლობა ნეფერტარს... ნამდვილად ღირდა ერთი ასეთი ღრმა ამოსუნთქვა!
არ მეგულება ერთი ქართველიც კი, ვისაც ამ ფაქტის გამო სიამაყის გრძნობა არ ეუფლება!
ქართული სიმღერა ჩვენი ერის ყველაზე დიდი ეროვნული სიამაყეა, ჩვენ ვართ ის ერი, რომელიც ყველაფრისდამიუხედავად საუკუნეების განმავლობაში ქმნის ფასეულობებს და ეს ფასეულობები არამხოლოდ ჩვენი ერის, არამედ მსოფლიო საგანძურიცაა და თუ ჩვენ ვერ, დარწმუნებული ვარ მსოფლიო ხედავს და აფასებს ამას. სწორედ ამის დასტურია ის, რომ ხუთწუთიანი ქრონომეტრაჟის „ჩაკრულო“ ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების შედევრი და მსოფლიო ცივილიზაციის უნიკალური ნიმუში ამხელა საბჭოთა კავშირში ერთადერთი სიმღერა აღმოჩნდა, რომელიც „ნასა“-მ შეარჩია და მსოფლიოს 25 საუკეთესო სიმღერასთან ერთად კოსმოსში გაგზავნა. ეს სიმღერა ერთ ამერიკელ ფოლკლორისტს შეურჩევია, რუსებს რაღა თქმა უნდა რუსული სიმღერა შეუთავაზებიათ, მაგრამ ამ ფოლკლორისტს მაინც ჩაკრულო“ გაუგზავნია.
კოსმოსში ასევე გაგზავნილია დედამიწის ყველა ლამაზი ბგერა: წყლის ხმაური, ქარის ხმა, ტყის შრიალი... ეს თანამგზავრი მარადიულად ივლის და ალბათ ვინმე მოისმენს უამრავი წლის შემდეგ...
„ერიოსიონს“ ადრე „საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი“ ერქვა. როსტომ საგინაშვილისა და ილია ზაქაიძის დუეტი ანსამბლის მაშინდელი ხელმღვანელის ანზორ კავსაძის იდეით შედგა. ახლა ორიოდე სიტყვა თავად შემსრულებლებზე:
ილია ზაქაიძეს (1924–2008) მუსიკალური განათლება არ ჰქონდა, მაგრამ ჰქონდა ღვთისგან ბოძებული ნიჭი,” რომელიც აუღელვებლს ვერ ტოვებდა მსმენელს. ამ დუშელმა ბიჭმა დიდებული ხმით და უზადო ღვაწლით წარუშლელი კვალი დატოვა ქართული ხალხური სიმღერის შემსრულებლობის ისტორიაში. დაუვიწყარია მის მიერ ფანდურზე დამღერებული "საქართველო" თუ "ვეფხი და მოყმის ბალადა.“ ბატონ ილიას ტრაგიკული ბედი დაჰყვა. ერთ-ერთი კონცერტის დასრულების შემდეგ დაურეკეს და ამცნეს, რომ მისი ბიჭი ავტოკატასტროფაში დაიღუპა. შემდეგ გოგოც გარდაეცვალა...მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე მაინც მღეროდა.
როსტომ საგინაშვილი კი 1940 წლის გურჯაანის რაიონში სოფელ კოლაგში დაიბადა. 7 წლის იყო, ილო ძიამ ფანდური რომ აჩუქა და სიმღერაც დააწყებინა. მუსიკა საგანგებოდ არ შემდგომში უსწავლია მამა-ბიძებისგან გაგონილი აითვისა. როცა საგინაშვილების ოჯახში სუფრა იშლებოდა, პატარა როსტომს საპატიო მისია ეკისრებოდა, მოწვეული სტუმრებისთვის ფანდურზე უნდა ემღერა.
როსტომის ნიჭი შეუმჩნეველი არ დარჩენია პლეხანოვზე მდებარე კულტურის სახლის გუნდის ხელმძღვანელს დურმიშხან გოდერძიშვილის. ასე გახდა თურმე კახელი მოჭიდავე ბიჭი მომღერალი. ბატონი როსტომი ანსამბლ „ერისიონის“ მემატიანეც არის. მას თითქმის ყველა გასტროლი და კონცერტი ფოტოებზე აქვს აღბეჭდილი.
ბატონი როსტომი იხსენებს:“ რამდენიმე წლის შემდეგ ანზორ ერქომაიშვილს ამერიკიდან ჩანაწერი ჩამოუვიდა. დამირეკა და მითხრა, ზაქაიძესთან უნდა ავიდეთო. ილია უკვე ლოგინად იყო ჩავარდნილი. მასთან რომ ავედით, ანზორმა მაგნიტოფონი ჩართო და ჩვენი ნამღერი "ჩაკრულო" დაიწყო. ანზორმა მკითხა, - ვინ მღერიანო. მეგონა, მეხუმრებოდა და ხუმრობით მივუგე, - მე რა ვიცი-მეთქი. გაბრაზებულმა ილიამ საწოლიდან თავი წამოყო: - შენ ხომ არ დაყრუვდი, ჩვენს ნამღერს ვეღარ ცნობო? როდესაც ოფიციალურად დადასტურდა ეს ყველაფერი, საოცარი გრძნობა დამეუფლა. მანამდე ასეთი რამ არასდროს განმიცდია. წარმოიდგინეთ, რამხელა სიხარულია, დედამიწაზე 200-მდე ერია და აქედან 25 საუკეთესო მუსიკალურ ნაწარმოებს შეარჩევენ კოსმოსში გასაგზავნად და ერთ-ერთი შენი ქვეყნის სიმღერა და შენი ნამღერია. დღემდე ვფიქრობ, რომ ეს ღვთის ნება იყო. არ მეგულება ერთი ქართველი მაინც, ეს ფაქტი არ ეამაყებოდეს. მას შემდეგ, რომ გითხრათ, შევიცვალე-მეთქი, არა, ისევ ისეთი როსტომი ვარ, როგორიც მანამდე ვიყავი. უბრალოდ, ძალიან ბედნიერი ვარ. მიხარია, როდესაც ჩემი სახელისა და გვარის გაგებისას მაშინვე იმას ამბობენ, კოსმოში თქვენი ნამღერია გაგზავნილიო? ცხოვრება ამად ღირდა...“
აკვიატებულად ვუსმენ „ჩაკრულოს“ და ვფიქრობ : ცხოვრება ღირდა არა მხოლოდ როსტომ საგინაშვილისა და ილია ზაქაიძისთვის, არამედ თითოეული ჩვენგანისთვის.
იამაყეთ, ქართველებო!!! – დედამიწის ხმას კოსმოსიდან „ჩაკრულო“ უერთდება!!!
"ხიდისთავს შევკრათ პირობა
ჩვენ გავხდეთ ღვიძლი ძმანია
ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა
თავს დავანგრიოთ ბანია.
მუხრან ბატონის ყმობითა
ფქვილი ვერ დავდგი გოდრითა
დეკეული ვერ გავზარდე
კალო ვერ ვლეწე მოზვრითა
ხმალო ხევსეურეთს ნაჭედო
თელავში თუშმა გაგფერა
მეფე ერეკლემ გაკურთხა
საომრად ჯვარი დაგწერა
მტერო დამჩაგრე არ ვტირი
ტირილი დიაცთ წესია
ბევრჯერ ვყოფილვარ ამ დღეში
მაგრამ არ დამიკვნესია
მაცალე ერთი ავლესო
ხმალჩახმალ ცეცხლის კვესია
სულ წმინდად მოგამკევინო
რაც ჩემთვის დაგითესია"