Friday, September 17, 2021


✅ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა – ქორწილი –მრავალფეროვან და ლამაზ სანახაობას წარმოადგენდა თავისი სიმღერებით, ცეკვებითა და ფერხულებით, სხვადასხვა რწმენა-წარმოდგენასთან დაკავშირებული გართობა-თამაშობებით, მუსიკალური და პოეტური პაექრობებით, გამოცანებით. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში არსებული განსხვავებული ტრადიციების მიუხედავად, ქართული ქორწილისათვის დამახასიათებელი ქარგა ამგვარად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ: მაყრიონის მისვლა დედოფლის ოჯახში; დედოფლის წაყვანა ეკლესიაში და ჯვრისწერა; ნეფის ოჯახში მისვლა და კერის გარშემოვლა; საქორწილო სუფრა; საქორწილო ზეიმის ფარგლებში მოქცეული მაგიური ხასიათის წეს-ჩვეულებები და სიმღერა-ფერხულები.
🎵მთელი ქორწილი მუსიკის თანხლებით მიმდინარეობდა. გამორჩეული ადგილი სიმღერა „მაყრულს“ ეკავა. მას მაყრები, ნეფე-დედოფლის მხლებლები მღეროდნენ. ვინაიდან ქორწილში ამ სიმღერას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, მაყრებად სიმღერის კარგ მცოდნეებს ირჩევდნენ. სიძისა თუ პატარძლის ეზოში შესულ მაყრიონს ქორწილში მიწვეული მეზობელ-ახლობლები უერთდებოდნენ, რის შემდეგაც „მაყრულს“ სხვა სიმღერები და ფერხულები ენაცვლებოდა.
💑ქორწილში შესასრულებელ მაგიურ ქმედებათა რიგში, კერის გარშემოვლასთან ერთად, გამოსაყოფია ოჯახში შესვლისას ნაყოფიერების, გამრავლების მიზნით საკიდელთან შეხება და პატარძლის კალთაში ბავშვის ჩასმა; ნეფე-დედოფლის გატარება გადაჯვარედინებული ხანჯლების ქვეშ. ხალხური რწმენით, ხანჯალს ავი სულისგან დაცვა შეეძლო. ამიტომ, მაყრები სახლში შესვლის შემდეგაც დედაბოძსა და სახლის კოჭებს ხმლებს ურტყამდნენ, მეჯვარე ხანჯლის წვერით ხდიდა პატარძალს გვირგვინს, ნეფე-დედოფლისთვის გაშლილ ლოგინში ავი თვალისგან დასაცავადაც ხანჯალს დებდნენ ბალიშის ქვეშ.
🍕საქორწილო ზეიმის მნიშვნელოვანი ნაწილია სუფრა, სადაც ყველა სადღეგრძელოს შესაბამისი სიმღერა-გალობა ახლდა. ამასთან, გურიაში სტუმარი და მასპინძელი მომღერლები ერთმანეთს კრიმანჭულიან ორპირულ სიმღერებშიც ეჯიბრებოდნენ. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გავრცელებული იყო სხვა ფორმებიც: შეჯიბრი ყელის გამძლეობაში, მაღლა სიმღერაში, მელოდიურ, რიტმულ და ჰარმონიულ იმპროვიზაციაში.
🎺ქართულ ქორწილს ხშირად ამშვენებდნენ მესტვირეებიც, რომლებიც სხვადასხვა ხასიათის ლექსებსა და შაირებს მღეროდნენ.
🐓ქორწილის მეორე დღესაც საზეიმო განწყობა სუფევდა. შეჯიბრი იმართებოდა სროლაში, ჯირითში, ჭიდაობაში, წინა დღის მსგავსად გრძელდებოდა შაირობა, გამოცანები, სიმღერები, ეწყობოდა „გადანადირება“. ეს ჩვეულება საქართველოს თითქმის ყველა კუთხის საქორწილო ტრადიციაში დასტურდება და გულისხმობდა სოფელში ზოგჯრ სიმბოლურ, ზოგჯერ კი, პირდაპირი გაგებით ქათმებზე ნადირობას.

ბატონები -მასალა დამუშავებულია თეონა ბენაშვილის მიერ ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის ბიულეტენიდან.

 „ბატონები“ ბავშვთა ინფექციური დაავადებებია. ჩვენი წინაპრების რწმენით, ბავშვის ავადმყოფობის დროს, „ბატონების“ საამებელი რიტუალის შესრულება აუცილებელი იყო მისი იოლად მორჩენისათვის. რიტუალს აუცილებლად ახლდა სიმღერა, რომელსაც საერთო სახელი, „ბატონების იავნანები“, ეწოდება.

🎵ბატონების იავნანები სამკურნალო ჟანრია და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა სახელით გვხვდება. მაგალითად, „ბატონების ნანინა“, „ბატონები“, „ია პატნეფი“, „ნანინა“, „საბოდიშო“ და სხვა.
✅რიტუალს საფუძვლად უდევს მითოლოგიური გადმოცემები, რომელთა მიხედვითაც „ბატონები“ ზღვის იქით მობინადრე სულები არიან. ისინი დროდადრო სხვადასხვა მხარეში მოგზაურობენ ადამიანების ერთგულების შესამოწმებლად და ურჩების დასასჯელად. ამის გამო, ადამიანები „ბატონების“ გაავებას ერიდებიან და ცდილობენ, ასიამოვნონ, რისთვისაც ავადმყოფის ოთახს წითლად რთავენ, ყვავილებით ამკობენ, კეთილსურნელებას აკმევენ, ბავშვის საწოლს გარს უვლიან „ბატონებისათვის მისართმევი ძღვენით, და რაც მთავარია, ასრულებენ საბოდიშო სიმღერას საკრავით ან მის გარეშე. აღმოსავლეთ საქართველოში რიტუალისას ფანდური გამოიყენება, დასავლეთის ბარში – ჩონგური, სვანეთსა და რაჭაში კი ჭუნირ-ჭიანური.
✅აღსანიშნავია, რომ სახადით ავადმყოფობისას შესასრულებელი წეს-ჩვეულებები ქართველთა დიდი დედის – ნანასა და მისი შვილების (ბატონების) კულტს უკავშირდება. ცნობილი ეთნოგრაფის – ვერა ბარდაველიძის – კვლევების მიხედვით, ის გაზაფხულზე აღორძინებული ბუნების, სიცოცხლის, შვილიერების, სინათლისა და ნაყოფიერების ქალი ღვთაება გახლავთ.


ჩაკრულო

 „ჩაკრულო“ კახური სიმღერაა - თავდაპირველად ზაქარია ფალიაშვილმა ჩაიწერა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში.

კომპოზიტორი „ჩაკრულოს“ ტიპის სიმღერების შესახებ წერდა:
„ამ სიმღერებს დინჯი, დარბაისლური ხასიათი აქვს, მღერიან ნებიერად და ტაქტებზედ დაუყოფელად. მელოდიური მოძრაობა აქვს ორს მაღალ ხმას. პირველი მათგანი მღერის ჰანგსა, მეორე ეუბნება შაირებს, ხოლო ბანი თითქმის ერთ ადგილზეა და წარმოადგენს მუსიკაში „ორღანოს პედალსა“.
1977 წელს სიმღერა „ჩაკრულო“ „ოქროს დისკზე“ ჩაიწერა დედამიწის შესახებ ყველაზე მნიშვნელოვან ინფორმაციათა შორის, რომელიც კოსმოსში გააგზავნეს.
„ჩაკრულო“ გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცის (იუნესკოს) არამატერიალური მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული.

Wednesday, September 1, 2021

ბეთჰოვენი

  მუსიკალურ ევროპაში ჯერ კიდევ აქტიურად ვრცელდებოდა ჭორები ვუნდერკინდ მოცარტზე, როდესაც ბონში, სასახლის კარის მუსიკოსის ოჯახში, 1770 წლის 16 დეკემბერს დაიბადა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი.

   „მიაქციეთ მას ყურადღება; ერთ დღესაც ის მთელს მსოფლიოს აალაპარაკებს“, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა თავად მოცარტი ბეთჰოვენის ნიჭს მისი იმპროვიზაციების მოსმენის შემდეგ.              მართალია მოცარტის მსგავსად  ვუნდერკინდი არ გამხდარა, მაგრამ მსოფლიო ბეთჰოვენმა ნამდვილად „აალაპარაკა“, თანაც არა მხოლოდ სიტყვიერად…
    მე-19 საუკუნის პირველი ათწლეულიც არ იყო ჯერ მიწურული.   ნაპოლეონის  ომების ფონზე  ალყაში მოქცეულ ვენაში, გენიოსი, რომლის ფიზიკური მდგომარეობაც დღითიდღე უარესდებოდა, სანოტო ფურცელზე ოთხბგერიან მოტივზე აგებულ მუსიკალურ თემას წერს და იქვე მიაწერს-  „ასე აკაკუნუბს ბედისწერა კარზე“. დარწმუნებული ვარ,  ბგერების დასახელების გარეშეც ნებისმიერმა მუსიკოსმა ეს მოტივი უკვე გაიმღერა.

  „ბედისწერის მოტივი V  სიმფონიიდან“ - V for Victory - ასე ამბობდნენ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.  იქნებ  სწორედ ამიტომ აღნიშნეს მორზეს ანბანში

ლათინური V ასო (როგორც „გამარჯვება“ – Victory, და რომაული ციფრი V) სწორედ ბეთჰოვენისეული მოტივის რიტმით.   














  

როგორც არ უნდა ყოფილიყო, ახლა უკვე 250 წლის ეს  გენიოსი დღეს თავად უკაკუნებს კარზე არაერთი შემოქმედი-მუსიკოსის მუზას - მათ შორის პოპ-კულტურის წარმომადგენლებს, რომლებიც ხან პატივისცემისა თუ თაყვანისცემის ნიშნად, ხან კი ირონიულად რთავენ მისი კლასიკური ოპუსების თემებსა თუ ფრაგმენტებს საკუთარ სიმღერებსა და ინსტრუმენტულ პიესებში.

როკ-ენ-როლის მამად წოდებულ ჩაკ ბერის, მაგალითად, ბეთჰოვენი თავისი მუსიკით არა მხოლოდ მუზების კარზე, არამედ, როგორ აღმოჩნდა, ტვინზეც „უკაკუნებდა“. ცნობილი მუსიკალური ჟურნალის, Rolling Stone-ს თანახმად, ჩაკის ბიოგრაფი, ბრიუს პეგი ყვებოდა -  ჩაკის და, ლუსი ფორტეპიანოზე დაკვრას ეუფლებოდა. ის იმდენად ხშირად და იმდენად დიდ დროს უთმობდა კლასიკური რეპერტუარის პიანინოზე აჟღერებას,  რომ თვითნასწავლ ძმას მისთვის საყვარელი ბუგი-ვუგისთვის დროს აღარ უტოვებდა. ერთ დღესაც ჩაკს, ალბათ, ნერვებმა უმტყუვნა და   თავისი ცნობილი ჰიტი - «Roll Over Beethoven» - შექმნა. არ ვიცი, რამდენად შეესაბამება ეს გადმოცემა სიმართლეს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს სიმღერა თავისი ტექსტით 50-იანი წლების როკ-ენ-როლის ერთგვარი ტრაფარეტი გახდა და მსოფლიოს შემდეგი მესიჯი გაუგზავნა: „როკ-ენ-როლი უახლესი და არსებულს შორის ყველაზე მაგარი მუსიკაა, რომელიც საბოლოოდ წაშლის ყველა სხვა მოძველებულ ჟღერადობას“. 1956 წელს შექმნილ ამ ჰიტში ჩაკი ელექტოგიტარით ხელში, ენერგიული რიტმების ფონზე, ახალგაზრდული სითავხედით „მოითხოვდა“ ბეთჰოვენისგან, რომ  რიმტ-ენ-ბლუზში „გაჩითულიყო“ და ამავდროულად მოუწოდებდა, რომ სიახლე სხვა კლასიკოსის, პეტრე ჩაიკოვსკისთვისაც შეეტყობინებინა. ჩაკის იდეით, ისინი ორივე უნდა „გადაბრუნებულიყვნენ“ საფლავში როდესაც გაიგებდნენ, რომ მათ საყვარელ კლასიკას სულ მალე  როკ-ენ-როლი ჩაანაცვლებს.

«Roll Over Beethoven» ძალიან სწრაფად იქცა ერთგვარ „როკ-სტანდარტად“, რომელსაც ჩაკის არაერთი მიმდევარი გაჰყვა. ამ ჰიტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი  ქავერ ვერსია  ჩაწერა The Beatles-მაც, 1963 წელს. თუმცა საყურადრებო და საინტერესოა ბრიტანული როკ ჯგუფის, Electric Light Orchestra (ELO)-ს ვერსიაც. 1973 წელს ამ „როკ-სტანდარტის“ ინტერპრეტაციაზე მუშაობისას ჯგუფმა სულაც არ გაითვალისწინა წინამორბედი ჩაკის მოწოდება. პირიქით, მათ სწორედ კლასიკურ მუსიკასთან სინთეზში შექმნეს 8 წუთიანი კომპოზიცია, რომლითაც ჩაკს და მის მიმდევრებს კიდევ ერთხელ შეახსენეს ბედისწერის კაკუნის შესახებ.

განსხვავებული გარდატეხა განიცადა ოჯახურმა მუსიცირებამ ჯონ ლენონისა და იოკო ონოს ისტორიაში. სანამ პოპკულტურის „რელიგიაში“ მოექცეოდა, იოკო ონოს კლასიკური ფორტეპიანოს დაუფლებაც მოუსწრია. ერთხელაც, 1969 წელს, როიალთან იჯდა და ბეთჰოვენის მთვარის სონატის I ნაწილს უკრავდა.
ჯონი იქვე სავარძელში იწვა და  უსმენდა.  შემდეგ კი  ჰკითხა: „შეგიძლია იგივე აკორდები დაუკრა, ოღონდ უკუსვლით?“... ბეთჰოვენის შებრუნებული  ვერსიის  მოსმენის შემდეგ აღფრთოვანებულმა ჯონ ლენონმა მას საკუთარი 
მელოდია მიუსადაგა და  ასე შექმნა ბრიტანული როკ ბენდის,  The Beatles-ის ერთ-ერთი შედევრი -  «Because» ალბომიდან «Abby Road». ჩანაწერში ის ჯორჯ მარტინის, ჯგუფის პროდიუსერის ელექტრო-კლავესინის თანხლებაზე დაფენილ ლენონის, მაკარტნისა და ჰარისონის ხმების დიდებულ ქორალად იქცა და სულაც არ არის აუცილებელი მისი უკუღმა აჟღერება, რომ ბეთჰოვენის მთვარის სონატის გავლენა შევიგრძნოთ.