მუსიკალურ ევროპაში ჯერ კიდევ აქტიურად ვრცელდებოდა ჭორები ვუნდერკინდ მოცარტზე, როდესაც ბონში, სასახლის კარის მუსიკოსის ოჯახში, 1770 წლის 16 დეკემბერს დაიბადა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი.
„მიაქციეთ მას ყურადღება; ერთ დღესაც ის მთელს მსოფლიოს აალაპარაკებს“, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა თავად მოცარტი ბეთჰოვენის ნიჭს მისი იმპროვიზაციების მოსმენის შემდეგ. მართალია მოცარტის მსგავსად ვუნდერკინდი არ გამხდარა, მაგრამ მსოფლიო ბეთჰოვენმა ნამდვილად „აალაპარაკა“, თანაც არა მხოლოდ სიტყვიერად…„ბედისწერის მოტივი V სიმფონიიდან“ - V for Victory - ასე ამბობდნენ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. იქნებ სწორედ ამიტომ აღნიშნეს მორზეს ანბანში
ლათინური V ასო (როგორც „გამარჯვება“ – Victory, და რომაული ციფრი V) სწორედ ბეთჰოვენისეული მოტივის რიტმით.როგორც არ უნდა ყოფილიყო, ახლა უკვე 250 წლის ეს გენიოსი დღეს თავად უკაკუნებს კარზე არაერთი შემოქმედი-მუსიკოსის მუზას - მათ შორის პოპ-კულტურის წარმომადგენლებს, რომლებიც ხან პატივისცემისა თუ თაყვანისცემის ნიშნად, ხან კი ირონიულად რთავენ მისი კლასიკური ოპუსების თემებსა თუ ფრაგმენტებს საკუთარ სიმღერებსა და ინსტრუმენტულ პიესებში.
როკ-ენ-როლის მამად წოდებულ ჩაკ ბერის, მაგალითად, ბეთჰოვენი თავისი მუსიკით არა მხოლოდ მუზების კარზე, არამედ, როგორ აღმოჩნდა, ტვინზეც „უკაკუნებდა“. ცნობილი მუსიკალური ჟურნალის, Rolling Stone-ს თანახმად, ჩაკის ბიოგრაფი, ბრიუს პეგი ყვებოდა - ჩაკის და, ლუსი ფორტეპიანოზე დაკვრას ეუფლებოდა. ის იმდენად ხშირად და იმდენად დიდ დროს უთმობდა კლასიკური რეპერტუარის პიანინოზე აჟღერებას, რომ თვითნასწავლ ძმას მისთვის საყვარელი ბუგი-ვუგისთვის დროს აღარ უტოვებდა. ერთ დღესაც ჩაკს, ალბათ, ნერვებმა უმტყუვნა და თავისი ცნობილი ჰიტი - «Roll Over Beethoven» - შექმნა. არ ვიცი, რამდენად შეესაბამება ეს გადმოცემა სიმართლეს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს სიმღერა თავისი ტექსტით 50-იანი წლების როკ-ენ-როლის ერთგვარი ტრაფარეტი გახდა და მსოფლიოს შემდეგი მესიჯი გაუგზავნა: „როკ-ენ-როლი უახლესი და არსებულს შორის ყველაზე მაგარი მუსიკაა, რომელიც საბოლოოდ წაშლის ყველა სხვა მოძველებულ ჟღერადობას“. 1956 წელს შექმნილ ამ ჰიტში ჩაკი ელექტოგიტარით ხელში, ენერგიული რიტმების ფონზე, ახალგაზრდული სითავხედით „მოითხოვდა“ ბეთჰოვენისგან, რომ რიმტ-ენ-ბლუზში „გაჩითულიყო“ და ამავდროულად მოუწოდებდა, რომ სიახლე სხვა კლასიკოსის, პეტრე ჩაიკოვსკისთვისაც შეეტყობინებინა. ჩაკის იდეით, ისინი ორივე უნდა „გადაბრუნებულიყვნენ“ საფლავში როდესაც გაიგებდნენ, რომ მათ საყვარელ კლასიკას სულ მალე როკ-ენ-როლი ჩაანაცვლებს.
«Roll Over Beethoven» ძალიან სწრაფად იქცა ერთგვარ „როკ-სტანდარტად“, რომელსაც ჩაკის არაერთი მიმდევარი გაჰყვა. ამ ჰიტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქავერ ვერსია ჩაწერა The Beatles-მაც, 1963 წელს. თუმცა საყურადრებო და საინტერესოა ბრიტანული როკ ჯგუფის, Electric Light Orchestra (ELO)-ს ვერსიაც. 1973 წელს ამ „როკ-სტანდარტის“ ინტერპრეტაციაზე მუშაობისას ჯგუფმა სულაც არ გაითვალისწინა წინამორბედი ჩაკის მოწოდება. პირიქით, მათ სწორედ კლასიკურ მუსიკასთან სინთეზში შექმნეს 8 წუთიანი კომპოზიცია, რომლითაც ჩაკს და მის მიმდევრებს კიდევ ერთხელ შეახსენეს ბედისწერის კაკუნის შესახებ.
განსხვავებული გარდატეხა განიცადა ოჯახურმა მუსიცირებამ ჯონ ლენონისა და იოკო ონოს ისტორიაში. სანამ პოპკულტურის „რელიგიაში“ მოექცეოდა, იოკო ონოს კლასიკური ფორტეპიანოს დაუფლებაც მოუსწრია. ერთხელაც, 1969 წელს, როიალთან იჯდა და ბეთჰოვენის მთვარის სონატის I ნაწილს უკრავდა.
ჯონი იქვე სავარძელში იწვა და უსმენდა. შემდეგ კი ჰკითხა: „შეგიძლია იგივე აკორდები დაუკრა, ოღონდ უკუსვლით?“... ბეთჰოვენის შებრუნებული ვერსიის მოსმენის შემდეგ აღფრთოვანებულმა ჯონ ლენონმა მას საკუთარი
მელოდია მიუსადაგა და ასე შექმნა ბრიტანული როკ ბენდის, The Beatles-ის ერთ-ერთი შედევრი - «Because» ალბომიდან «Abby Road». ჩანაწერში ის ჯორჯ მარტინის, ჯგუფის პროდიუსერის ელექტრო-კლავესინის თანხლებაზე დაფენილ ლენონის, მაკარტნისა და ჰარისონის ხმების დიდებულ ქორალად იქცა და სულაც არ არის აუცილებელი მისი უკუღმა აჟღერება, რომ ბეთჰოვენის მთვარის სონატის გავლენა შევიგრძნოთ.




No comments:
Post a Comment