ავტორი თამარ თევდორაშვილი
გვერდები
- მთავარი გვერდი
- ჩემს შესახებ
- გარე გაკვეთილის გეგმები
- სამოდელო გაკვეთილები
- ვიდეომასალა
- ფოტოგალერეა
- სტანდარტული გაკვეთილები
- პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
- სერტიფიკატები
- მუსიკა და ლიტერატურა
- ჩემი ჩანაწერები
- შემეცნებით-საგანმანათლებლო რესურსები
- სახალისო აქტივობები
- სასარგებლო ბმულები
- ვიდეო ინსტრუქციები
- ჩემ მიერ შექმნილი რესურსები
- facebook გვერდი
Tuesday, January 30, 2024
ზღაპრული სამყარო მუსიკაში
მუსიკა განსაკუთრებულ როლს თამაშობს ბავშვის აღზრდაში. ადამიანი ამ ხელოვნებასთან კონტაქტშია დაბადებისთანავე, ხოლო მიზანმიმართულ მუსიკალურ განათლებას იღებს საბავშვო ბაღში, მოგვიანებით კი სკოლაში.
მუსიკის გაკვეთილები, მრავალფეროვანი ინფორმაციის გარდა, რომელსაც ზოგჯერ შემეცნებითი მნიშვნელობა აქვს, მოიცავს ისეთ აქტივობებს , რომელებიც მოსმენილ ფრაგმენტზე დაყრდნობით მსჯელობასა და საკუთარი აზრის გამოხატვას მოითხოვს. ეს ხორციელდება შემდეგი ოპერაციებით: შედარება, ანალიზი, დამახსოვრება, რაც ხელს უწყობს ბავშვის არა მხოლოდ მუსიკალურ, არამედ ზოგად განვითარებასაც.
მუსიკის გაკვეთილებზე აქტიურდება შემეცნებითი და გონებრივი შესაძლებლობები, ბავშვები ბევრს სწავლობენ ნაწარმოების ყურადღებით მოსმენის შედეგად, თუმცა ისინი აღიქვამენ მხოლოდ მის ყველაზე ზოგად თვისებებს, მის ყველაზე ნათელ სურათებს. იმავდროულად, ემოციური რეაგირება არ კარგავს თავის მნიშვნელობას, მაგრამ თუ ბავშვს დაევალება ნაწარმოების მოსმენა, გარჩევა, შედარება, გამომხატველ საშუალებებზე დაკვირვება, ეს გონებრივი მოქმედებები გაამდიდრებს და გააფართოებს მისი გრძნობებისა და გამოცდილების სფეროს.
საინტერესოა, როგორ აღიქვამენ ბავშვები ზღაპარს, რომელიც მუსიკალური ენით იქმნება? ვფიქრობ, რომ სწორედ თემიდან ,,ზღაპრული სამყარო მუსიკაში“ გამომდინარე, შეეჩვევიან ფიქრს, აზროვნებას, მსჯელობასა და ახსნას.
ზღაპარი ფანტასტიკური შინაარსის მოთხრობაა, რომელიც ყველა ბავშვს უყვარს, მასში იდუმალი, ჯადოსნური და საოცნებო ამბებია აღწერილი და გადაჯაჭვულია რეალობასთან, ის ბავშვობის სიმბოლოა. ყველას გვახსოვს, როგორ გვიყვებოდნენ დედები და ბებიები სასწაულებით სავსე ზღაპრებს. ზღაპრები ხომ სიკეთისა და ბოროტების, სიბრძნისა და უმეცრების დაპირისპირებას ეფუძნება, ბოლო კი კეთილია.
მუსიკის როლი ზღაპარში დიდია, დღესდღეობით ზღაპარი მუსიკის გარეშე წარმოუდგენელია. ზღაპრის გმირების, ტყის, წყალქვეშა და მთის ზღაპრული პეიზაჟებისა და სამეფოების, ფრინველებისა თუ ცხოველების - ერთი სიტყვით, ჯადოსნური სამყაროს მთელმა სიმდიდრემ მიიღო თავისი ხმოვანი გამოხატულება.
ზღაპარში მუსიკა განსაკუთრებული და ჯადოსნურია. მუსიკით ვიგებთ, როგორია იდუმალებით მოცული უღრანი ტყე, როგორ ცეკვავენ ოქროს თევზები, როგორ ლივლივებენ ლურჯ ზღვაში სირინოზები, რამხელა საიდუმლოს ინახავს თვალუწვდენელი მთები...
მოუსმინეთ მუსიკას, დახუჭეთ თვალები და აღწერეთ ის, რაც წარმოიდგინეთ...
ზღაპარი უზარმაზარ შესაძლებლობებს აძლევს ბავშვებს განუვითაროს
აზროვნება და წარმოსახვა, აუმაღლოს ცნობიერება და ჩამოუყალიბოს მსოფლმხედველობა, ზღაპარი ადამიანებს მუსიკის აღქმაშიც ეხმარება, წინა პლანზე სწევს ფანტაზიასა და წარმოსახვას, ხოლო მუსიკა აცოცხლებს სცენებს, ამძაფრებს გრძნობებს,ხელს უწყობს ემპათიის გამოხატვას.
ზღაპარში გადმოცემული მუსიკალური ენა ხან თხრობითი, მღერადი, ზოგჯერ დაძაბული და არამღერადია, იგრძნობა, თუ როგორ იცვლება მუსიკის შეფერილობა, განწყობა და ხასიათი.
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?.. ზღაპარი ხომ ასე იწყება...ზოგჯერ ზღაპარს ისეთი შინაარსი აქვს, რომ შეგვიძლია თავი პერსონაჟების ადგილზეც კი წარმოვიდგინოთ: გვქონდეს უგრძელესი თმა, ვიყოთ კეთილი ფერია და ყველას ვუსრულებდეთ სურვილებს, გვქონდეს გამჭრიახი გონება და ვფლობდეთ ვეებრთელა ძალას...
თუ კი მწერლები სიტყვებითა და წინადადებებით მოგვითხრობენ სხვადასხვა ამბებს, აღწერენ გარემოს, გვიყვებიან დადებითი და უარყოფითი პერსონაჟების შესახებ, კომპოზიტორები სხვადასხვა მუსიკალური ხერხებით ქმნიან იმ განწყობას, რაც ასე აძლიერებს ბავშვის ემოციასა და ინტერესს.
ზღაპარში მუსიკა ეხმარება გმირებს, ამარცხებს ბოროტებას, ამაღლებს სიკეთესა და სამართლიანობას. ზღაპრებში მუსიკა აძლიერებს პერსონაჟების ემოციურ მუხტს, თუ პერსონაჟი დადებითია, მუსიკა მხიარული, ტკბილხმიანი და სათუთია, ხოლო თუ ველით უარყოფით გმირს ან საშინელ მოქმედებას, მაშინ ჟღერს სევდიანი, ტრაგიკული მუსიკა.
ზღაპარში თითოეულ პერსონაჟს თავისი განსაკუთრებული მუსიკალური დახასიათება აქვს, რაც გამოიხატება ჟღერადობაში არსებული სიკაშკაშით, ტემბრალური ფერადოვნებით, მელოდიური ქსოვილით, რიტმული მრავალფეროვნებით, მუსიკალური თანხლება უდიდეს როლს თამაშობს გმირის განწობასა და ემოციის გადმოცემაში.
მოუსმინეთ მუსიკას, რა განცდა დაგეუფლათ? როგორი პერსონაჟი წარმოიდგინეთ? რომელშია დადებითი და რომელშია უარყოფითი პერსონაჟი აღწერილი ?
მაშასადამე, კომპოზიტორები ზღაპრული სამყაროს მუსიკით აღწერისას სხვადასხვა მუსიკალურ ხერხებს მიმართავენ, მხიარულ მაჟორს, ან მოწყენილ მინორს, ხან მოლივლივე და ხანაც იდუმალ ქრომატიზმს, ნაზ, სათნო, გაბრაზებულ თუ უხეშ ინტონაციებს, ულამაზეს, მღერად ან დაძაბულ მელოდიებს, მოძრავ ან მდორე რიტმს, სწრაფ, საშუალო ან ნელ ტემპს.
ზღაპრული სამყარო აახლოვებს მოსწავლეებს მუსიკასთან, ეჩვევიან მსჯელობას, ანალიზს და სწორად აზროვნებას, ყველა ბავშვის გული მუსიკისადმი სიყვარულით იწყებს ძგერას, მძაფრდება ის მუხტი, რასაც დიდი ინტერესი და სიყვარული ჰქვია.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
-
მუსიკა განსაკუთრებულ როლს თამაშობს ბავშვის აღზრდაში. ადამიანი ამ ხელოვნებასთან კონტაქტშია დაბადებისთანავე, ხოლო მიზანმიმართულ მუსიკა...
-
მ აესტო ჯივანი ალბათ ბევრისთვის საყვარელი ფილმია „გლადიატორი“, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ფილმში ჯივან გასპარიანს მუსიკაა აჟღერებული. ( http...
-
21-ე საუკუნეს ,,ინფორმაციის ხანას" უწოდებენ, განათლების სფეროში ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა საგანმანათლებლო საინფორმაც...
No comments:
Post a Comment