
ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა – ქორწილი –მრავალფეროვან და ლამაზ სანახაობას წარმოადგენდა თავისი სიმღერებით, ცეკვებითა და ფერხულებით, სხვადასხვა რწმენა-წარმოდგენასთან დაკავშირებული გართობა-თამაშობებით, მუსიკალური და პოეტური პაექრობებით, გამოცანებით. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში არსებული განსხვავებული ტრადიციების მიუხედავად, ქართული ქორწილისათვის დამახასიათებელი ქარგა ამგვარად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ: მაყრიონის მისვლა დედოფლის ოჯახში; დედოფლის წაყვანა ეკლესიაში და ჯვრისწერა; ნეფის ოჯახში მისვლა და კერის გარშემოვლა; საქორწილო სუფრა; საქორწილო ზეიმის ფარგლებში მოქცეული მაგიური ხასიათის წეს-ჩვეულებები და სიმღერა-ფერხულები.

მთელი ქორწილი მუსიკის თანხლებით მიმდინარეობდა. გამორჩეული ადგილი სიმღერა „მაყრულს“ ეკავა. მას მაყრები, ნეფე-დედოფლის მხლებლები მღეროდნენ. ვინაიდან ქორწილში ამ სიმღერას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, მაყრებად სიმღერის კარგ მცოდნეებს ირჩევდნენ. სიძისა თუ პატარძლის ეზოში შესულ მაყრიონს ქორწილში მიწვეული მეზობელ-ახლობლები უერთდებოდნენ, რის შემდეგაც „მაყრულს“ სხვა სიმღერები და ფერხულები ენაცვლებოდა.

ქორწილში შესასრულებელ მაგიურ ქმედებათა რიგში, კერის გარშემოვლასთან ერთად, გამოსაყოფია ოჯახში შესვლისას ნაყოფიერების, გამრავლების მიზნით საკიდელთან შეხება და პატარძლის კალთაში ბავშვის ჩასმა; ნეფე-დედოფლის გატარება გადაჯვარედინებული ხანჯლების ქვეშ. ხალხური რწმენით, ხანჯალს ავი სულისგან დაცვა შეეძლო. ამიტომ, მაყრები სახლში შესვლის შემდეგაც დედაბოძსა და სახლის კოჭებს ხმლებს ურტყამდნენ, მეჯვარე ხანჯლის წვერით ხდიდა პატარძალს გვირგვინს, ნეფე-დედოფლისთვის გაშლილ ლოგინში ავი თვალისგან დასაცავადაც ხანჯალს დებდნენ ბალიშის ქვეშ.

საქორწილო ზეიმის მნიშვნელოვანი ნაწილია სუფრა, სადაც ყველა სადღეგრძელოს შესაბამისი სიმღერა-გალობა ახლდა. ამასთან, გურიაში სტუმარი და მასპინძელი მომღერლები ერთმანეთს კრიმანჭულიან ორპირულ სიმღერებშიც ეჯიბრებოდნენ. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გავრცელებული იყო სხვა ფორმებიც: შეჯიბრი ყელის გამძლეობაში, მაღლა სიმღერაში, მელოდიურ, რიტმულ და ჰარმონიულ იმპროვიზაციაში.

ქართულ ქორწილს ხშირად ამშვენებდნენ მესტვირეებიც, რომლებიც სხვადასხვა ხასიათის ლექსებსა და შაირებს მღეროდნენ.

ქორწილის მეორე დღესაც საზეიმო განწყობა სუფევდა. შეჯიბრი იმართებოდა სროლაში, ჯირითში, ჭიდაობაში, წინა დღის მსგავსად გრძელდებოდა შაირობა, გამოცანები, სიმღერები, ეწყობოდა „გადანადირება“. ეს ჩვეულება საქართველოს თითქმის ყველა კუთხის საქორწილო ტრადიციაში დასტურდება და გულისხმობდა სოფელში ზოგჯრ სიმბოლურ, ზოგჯერ კი, პირდაპირი გაგებით ქათმებზე ნადირობას.
No comments:
Post a Comment