ლეგენდა კოსმოსიდან –„ჩაკრულო“
სულ სხვა რაღაცის მოყოლას ვაპირებდი თქვენთვის, მაგრამ ნეფერტარის კომენტარმა აღარ მომასვენა:
„მინდა ქართულ სიმღერას, - "ჩაკრულოს" მიუძღვნა ერთი პატარა ჩანახატიც რა....
ორი ქართველი მომღერლის, ილია ზაქაიძისა და როსტომ საგინაშვილის მიერ შესრულებული სიმღერა „ჩაკრულო“ კოსმოსში გაიგზავნა. ხუთწუთიანი ქრონომეტრაჟის „ჩაკრულო“ მთელ საბჭოთა კავშირში ერთადერთი სიმღერა აღმოჩნდა, რომელიც ნასა-მ შეარჩია და მსოფლიოს 25 საუკეთესო სიმღერასთან ერთად კოსმოსში გაგზავნა. იუნესკოს არამატერიალური მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაშია შესული ეგ სიმღერა, და ღირს რომ გაისარჯო.... გთხოვ რა კატიე...
პატივისცემით, ჩვენი აღმატებულება, ზემო და ქვემო ეგვიპტის დედოფალი და დიასახლისი ნეფერტარი. “
უარს როგორ შევბედავდი მის აღმატებულებას, რატომაც არა, ჩავუჯექი მასალების შეგროვებას. უღრმესი მადლობა ნეფერტარს... ნამდვილად ღირდა ერთი ასეთი ღრმა ამოსუნთქვა!
არ მეგულება ერთი ქართველიც კი, ვისაც ამ ფაქტის გამო სიამაყის გრძნობა არ ეუფლება!
ქართული სიმღერა ჩვენი ერის ყველაზე დიდი ეროვნული სიამაყეა, ჩვენ ვართ ის ერი, რომელიც ყველაფრისდამიუხედავად საუკუნეების განმავლობაში ქმნის ფასეულობებს და ეს ფასეულობები არამხოლოდ ჩვენი ერის, არამედ მსოფლიო საგანძურიცაა და თუ ჩვენ ვერ, დარწმუნებული ვარ მსოფლიო ხედავს და აფასებს ამას. სწორედ ამის დასტურია ის, რომ ხუთწუთიანი ქრონომეტრაჟის „ჩაკრულო“ ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების შედევრი და მსოფლიო ცივილიზაციის უნიკალური ნიმუში ამხელა საბჭოთა კავშირში ერთადერთი სიმღერა აღმოჩნდა, რომელიც „ნასა“-მ შეარჩია და მსოფლიოს 25 საუკეთესო სიმღერასთან ერთად კოსმოსში გაგზავნა. ეს სიმღერა ერთ ამერიკელ ფოლკლორისტს შეურჩევია, რუსებს რაღა თქმა უნდა რუსული სიმღერა შეუთავაზებიათ, მაგრამ ამ ფოლკლორისტს მაინც ჩაკრულო“ გაუგზავნია.
კოსმოსში ასევე გაგზავნილია დედამიწის ყველა ლამაზი ბგერა: წყლის ხმაური, ქარის ხმა, ტყის შრიალი... ეს თანამგზავრი მარადიულად ივლის და ალბათ ვინმე მოისმენს უამრავი წლის შემდეგ...
„ერიოსიონს“ ადრე „საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი“ ერქვა. როსტომ საგინაშვილისა და ილია ზაქაიძის დუეტი ანსამბლის მაშინდელი ხელმღვანელის ანზორ კავსაძის იდეით შედგა. ახლა ორიოდე სიტყვა თავად შემსრულებლებზე:
ილია ზაქაიძეს (1924–2008) მუსიკალური განათლება არ ჰქონდა, მაგრამ ჰქონდა ღვთისგან ბოძებული ნიჭი,” რომელიც აუღელვებლს ვერ ტოვებდა მსმენელს. ამ დუშელმა ბიჭმა დიდებული ხმით და უზადო ღვაწლით წარუშლელი კვალი დატოვა ქართული ხალხური სიმღერის შემსრულებლობის ისტორიაში. დაუვიწყარია მის მიერ ფანდურზე დამღერებული "საქართველო" თუ "ვეფხი და მოყმის ბალადა.“ ბატონ ილიას ტრაგიკული ბედი დაჰყვა. ერთ-ერთი კონცერტის დასრულების შემდეგ დაურეკეს და ამცნეს, რომ მისი ბიჭი ავტოკატასტროფაში დაიღუპა. შემდეგ გოგოც გარდაეცვალა...მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე მაინც მღეროდა.
როსტომ საგინაშვილი კი 1940 წლის გურჯაანის რაიონში სოფელ კოლაგში დაიბადა. 7 წლის იყო, ილო ძიამ ფანდური რომ აჩუქა და სიმღერაც დააწყებინა. მუსიკა საგანგებოდ არ შემდგომში უსწავლია მამა-ბიძებისგან გაგონილი აითვისა. როცა საგინაშვილების ოჯახში სუფრა იშლებოდა, პატარა როსტომს საპატიო მისია ეკისრებოდა, მოწვეული სტუმრებისთვის ფანდურზე უნდა ემღერა.
როსტომის ნიჭი შეუმჩნეველი არ დარჩენია პლეხანოვზე მდებარე კულტურის სახლის გუნდის ხელმძღვანელს დურმიშხან გოდერძიშვილის. ასე გახდა თურმე კახელი მოჭიდავე ბიჭი მომღერალი. ბატონი როსტომი ანსამბლ „ერისიონის“ მემატიანეც არის. მას თითქმის ყველა გასტროლი და კონცერტი ფოტოებზე აქვს აღბეჭდილი.
ბატონი როსტომი იხსენებს:“ რამდენიმე წლის შემდეგ ანზორ ერქომაიშვილს ამერიკიდან ჩანაწერი ჩამოუვიდა. დამირეკა და მითხრა, ზაქაიძესთან უნდა ავიდეთო. ილია უკვე ლოგინად იყო ჩავარდნილი. მასთან რომ ავედით, ანზორმა მაგნიტოფონი ჩართო და ჩვენი ნამღერი "ჩაკრულო" დაიწყო. ანზორმა მკითხა, - ვინ მღერიანო. მეგონა, მეხუმრებოდა და ხუმრობით მივუგე, - მე რა ვიცი-მეთქი. გაბრაზებულმა ილიამ საწოლიდან თავი წამოყო: - შენ ხომ არ დაყრუვდი, ჩვენს ნამღერს ვეღარ ცნობო? როდესაც ოფიციალურად დადასტურდა ეს ყველაფერი, საოცარი გრძნობა დამეუფლა. მანამდე ასეთი რამ არასდროს განმიცდია. წარმოიდგინეთ, რამხელა სიხარულია, დედამიწაზე 200-მდე ერია და აქედან 25 საუკეთესო მუსიკალურ ნაწარმოებს შეარჩევენ კოსმოსში გასაგზავნად და ერთ-ერთი შენი ქვეყნის სიმღერა და შენი ნამღერია. დღემდე ვფიქრობ, რომ ეს ღვთის ნება იყო. არ მეგულება ერთი ქართველი მაინც, ეს ფაქტი არ ეამაყებოდეს. მას შემდეგ, რომ გითხრათ, შევიცვალე-მეთქი, არა, ისევ ისეთი როსტომი ვარ, როგორიც მანამდე ვიყავი. უბრალოდ, ძალიან ბედნიერი ვარ. მიხარია, როდესაც ჩემი სახელისა და გვარის გაგებისას მაშინვე იმას ამბობენ, კოსმოში თქვენი ნამღერია გაგზავნილიო? ცხოვრება ამად ღირდა...“
აკვიატებულად ვუსმენ „ჩაკრულოს“ და ვფიქრობ : ცხოვრება ღირდა არა მხოლოდ როსტომ საგინაშვილისა და ილია ზაქაიძისთვის, არამედ თითოეული ჩვენგანისთვის.
იამაყეთ, ქართველებო!!! – დედამიწის ხმას კოსმოსიდან „ჩაკრულო“ უერთდება!!!
"ხიდისთავს შევკრათ პირობა
ჩვენ გავხდეთ ღვიძლი ძმანია
ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა
თავს დავანგრიოთ ბანია.
მუხრან ბატონის ყმობითა
ფქვილი ვერ დავდგი გოდრითა
დეკეული ვერ გავზარდე
კალო ვერ ვლეწე მოზვრითა
ხმალო ხევსეურეთს ნაჭედო
თელავში თუშმა გაგფერა
მეფე ერეკლემ გაკურთხა
საომრად ჯვარი დაგწერა
მტერო დამჩაგრე არ ვტირი
ტირილი დიაცთ წესია
ბევრჯერ ვყოფილვარ ამ დღეში
მაგრამ არ დამიკვნესია
მაცალე ერთი ავლესო
ხმალჩახმალ ცეცხლის კვესია
სულ წმინდად მოგამკევინო
რაც ჩემთვის დაგითესია"
No comments:
Post a Comment