შენ, ბიჭო, ანაგურელო
1985 წლის შემოდგომა ტრაგიკული აღმოჩნდა ქიზიყისთვის და მთელი საქართველოსთვის– შეწყდა ჰამლეტ გონაშვილის სიცოცხლე, თუმცა მან თავისი სიმღერით დათრგუნა სიკვდილი, მარადისობას აზიარა ქართველი ერი და თავადაც უკვდავების ბინადარი შეიქმნა.
სიმღერა არ შეწყვეტილა. . .
სოფელ ანაგას სამუდამოდ შემორჩა მისი სევდიანი ნამღერი ,,შენ, ბიჭო, ანაგურელო”.
ჰამლეტ გონაშვილი ისეთივე უნიკალური მოვლენაა ქართულ მუსიკაში, როგორც ფიროსმანი ფერწერაში- წერს ელგუჯა ამაშუკელი. არადა, ფიროსმანაშვილების და გონაშვილების გვარი ორივე მირზაანიდან მოდის. გონაშვილის მამაც სწორედ ამ სოფლიდან იყო წარმოშობით, ოდითგანვე ერთი ღობე ჰყოფდა ამ გვარის შთამომავალთ, ორივე გვარი აქ, მირზაანში წურავდა საღვთო ღვინოს. აქ არის, გვერდიგვერდ, ფიროსმანაშვილებისა და გონაშვილების ზედაშეები. იქნებ ამიტომაც დაჰყვათ მსგავსი ბედი. იყვნენ ძლიერთა ამა ქვეყნისთაგან შეუმჩნეველნი და ღვთისაგან რჩეულნი...
ახალს ალბათ ვერაფერს ვიტყვი,არც ბიოგრაფიული ცნობებს მოწვდას ვაპირებ, უბრალოდ მინდა მოვესიყვარულო ჩემს კუთხეს, გავიხსენო ძალიან დიდი მომღერალი და დიდი ადამიანი – ჰამლეტ გონაშვილი. მისი სიმღერების მოსმენისას ტანში ჟრუანტელი მივლის, ჩემში იღვიძებს ქართული გენი და სიამაყის განცდა, რომ ეს ადამიანი პატარა ქიზიყის მკვიდრი იყო. როდესაც სცენაზე იდგა ქართულ ჩოხა–ახალუხში გამოწყობილი, თითქოს ღვთის მადლი ეფინა სახეზე და მისთვის გარე სამყარო აღარ არსებობდა, მღეროდა ღვთიურ ჰანგებს თავისი იმპროვიზაციებით, სამყარო ინაბებოდა და ყურს უგდებდა, თითქოს ხელახლა იბადებოდა და იდუმალებასათან ერთად თან მოჰქონდა ქართული ისტორია, საბრძოლო დიდება, გლეხკაცის ცხოვრების ამსახველი ტკივილი თუ შრომის სიხარული, შეჯიბრის ჟინი თუ შემართება.
არასოდეს დაავიწყდება მსმენელს დარდიანი, ტკივილით სავსე ,,გაფრინდი, შავო მერცხალო”, ალაზნისპირების მარადიული სევდა და ტკივილი.
სოფელ ანაგაშია ის სახლი, სადაც დაიბადა დიდი მომღერალი. ანაგის ხევს შემორჩა ნანგრევები, რომელიც დღეს ჰამლეტ გონაშვილის სახელს ატარებს. ამ ნანგრევებს თავზე გუმბათად ადგას უსაზღვრო,ლურჯი ცა, მაღლიდან ცივ-გომბორის მთები გადმოჰყურებს, წინ კი ალაზნის ველია, რომლის მიღმა მოჩანს კავკასიონის თოვლიანი მწვერვალები, – აი, აქ დაიბადა საქართველოს ბულბული.
ამბობენ, ჰამლეტი ბავშვობაში საათობით ყურს უგდებდა ფრინველთა გალობას, მშობლიური კუთხიდანვე შეიწოვა ბუნების სიყვარული, ნატიფი ქართული ორნამენტების გამოყვანაც შეუსწავლია, წინაპართა უმდიდრესი სასიმღერო მემკვიდრეობა გაუათავისებია. ამ გარემოში ეზიარა სამყაროს იდუმალ მუსიკას, აქვე ისმენდა გუთნისდედის სევდიან „ოროველასა“ და „ურმულს“. ხალხის წიაღიდან ითვისებდა ჯადოსნურ ხმებს, თავადაც ხალხის წიაღიდან მოდიოდა და თან მოჰქონდა საუკუნეების განმავლობაში გამოტარებული და გადარჩენილი ქართული სიმღერა.
სიმღერა იყო მისი სულისა და გონების განუყოფელი ნაწილი, ყოფა-ცხოვრების განუყრელი თანამგზავრი, თვითგამოხატვის ყველაზე ორგანული ფორმა. ამ სიყვარულით შეპყრობილ საოცარ კაცს გრძნეულ ვაჟასეულ მინდიასთან აახლოვებდა სულიერი სისათუთე. ალბათ ეს აძლევდა მის სიმღერას ციური გალობის ელფერს!
ჰამლეტს მთავარი მომხიბლაობა განსაკუთრებული და განუმეორებელი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი იშვიათი სილამაზის რბილი ტემბრი, ვირტუოზული საშემსრულებლო ტექნიკა, დახვეწილი გემოვნება, ბგერის სიმსუბუქე და მკაფიოება იყო. არტისტული გარეგნობით, სიმღერის დახვეწილი მანერითა და თავდაჭერილობით აღტაცებაში მოჰყავდა არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი მსმენელიც. პარიზში "მრავალჟამიერი" სამჯერ ამღერეს, ესპანელები ყელზე კოცნიდნენ. ანსამბლ "რუსთავთან" ერთად თითქმის მთელი მსოფლიო მოიარა და თავისი სიმღერით გულგრილი არავინ დაუტოვებია, მათ შორის პროფესიონალი მუსიკოსებიც. მისი შემოქმედება ქართული მუსიკალური ფოლკლორისა და კლასიკური მუსიკის უნიკალური სინთეზია.
(აი, როგორ იხსენებენ მას ცნობილი მსახიობები თუ მუსიკოსები:
იაპონიაში ყველა ქვეყნის მომღერლები იყვნენ ჩამოსულები, მათ ნამღერ სიმღერებს რობოტი იმეორებდა, ქართველებმა -შენ ხარ ვენახი- რომ იმღერეს, რობოტმა ჯერ ნაპერწკლები ყარა, შემდეგ კი სულმთლად დაიშალაო...- ზურაბ ქაფიანიძე
-ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ბოსტონში გამართულ საბჭოთა მუსიკის ფესტივალზე მესამე სიმფონია უნდა შესრულებულიყო. მე და ჯანსუღ კახიძემ ამერიკელი მომღერალი შევარჩიეთ, რომელსაც სვანური ზარი უნდა ემღერა, ყოველთვის ჰამლეტი რომ ასრულებდა. მომღერალს მისი ჩანაწერი გადავეცით და ვთხოვეთ, მოესმინა. ორი დღის შემდეგ უარი მივიღეთ, ვერ ვიმღერებ და ვერც მივბაძავო, რადგან ამას ჩვეულებრივი ადამიანი არ მღერისო - გია ყანჩელი.)
როდესაც მინდა ფიქრებში ქიზიყს გადავწვდე და მეძალება ჩემი სახლის ნოსტალგია, ვუსმენ ჰამლეტს და მისი ხმა გულს სალბუნად ედება, არასოდეს ვმალავ ცრემლს და ემოციას, სურვილი მიჩნდება ანაგას შემოვუფრინო შავი მერცხალივით, ჰამლეტის სახლის ერდოზე შემოვჯდე და შემოვძახო:
შენ ბიჭო ანაგურელო
შენი ხმა ჩამომდიოდა
შენი თოხისა წკრიალიიი
No comments:
Post a Comment